ჩემი წინაპრების ნაკვალევზე

ჭუმბურიძეების გვარი გვხვდება მე-16 საუკუნიდან. უმეტესწილად ისინი საეკლესიო მცველები არიან, მაგრამ ხშირად გვხვდებიან აზნაურებიც. იმერეთის თავადთა და აზნაურთა საოჯახო სიაში, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებშია შედგენილი და დამტკიცებულია რუსეთის იმპერატორის მიერ 1850 წელს, შეტანილია აზნაურ ჭუმბურიძეთა 18 ოჯახი 107 სულის რაოდენობით

1905 წელს ბაბუაჩემის მამა, იოსები ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდიდან, ლაგოდეხის რაინში, სოფელ ლელიანში გადასახლდა. ეს ის პერიოდია, როცა ილია ჭავჭავაძე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოს აღმოსავლეთით, ჰერეთში დაუსახლებელი ტერიტორიები ათვისებულიყო. ილიას ამ ინიციატივას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა – გამაგრდებოდა საზღვარი და მეორე – კახეთში მოსავლიან მიწაზე ცხოვრება ზემო იმერეთიდან ჩასულებისთვის მომგებიანი იქნებოდა.

ბაბუაჩემის მამამ, იოსებმა ძმებთან ერთად დატოვა სოფელი ზოდი, ილია ჭავჭავაძის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ლაგოდეხში გადასახლდა. ზოდში იოსების მამასთან, დარისპანთან დატოვეს უმცროსი ძმა სპირიდონი.
ჩემმა დიდმა ბაბუებმა, ლელიანში შექმნეს უზარმაზარი მეურნეობა. პირველად, ლაგოდეხში “პარაოზი”, რომელსაც სახერხისთვის იყენებდნენ სწორედ მათ ჩაიტანეს. თუმცა, გაკულაკების შემდეგ, რა თქმა უნდა ქონება ჩამოართვეს. ჩამორთმეული შენობა-ნაგებობების მასალებით კი სოფ. აფენის სკოლა აშენდა.
იმით ვარ ბედნიერი, რომ სკოლა აშენდა და არა – კატორღები. ბაბუაჩემის მამამ, იოსებმა, გაკულაკება ვერ გადაიტანა და ახალგაზრდა გარდაიცვალა. მამაჩემის მამა, მაშინ პატარა იყო და აღარ ახსოვს მამის წარმომავლობის ისტორია… ვიცოდით რომ ჩვენები ჭიათურის რაიონიდან სოფ. ზოდიდან წამოვიდნენ. ზოდში როგორ მოხვდნენ მაგას მომავალში გამოვიკვლევ.
შაბათს, მეგობრებმა მთხოვეს ჭიათურაში გაყოლა. დავთანხმდი ერთი პირობით, თუ სოფ. ზოდში ამიყვანდნენ. ავედი ზოდში და ჭუმბურიძეების უბანში გავიარე, დავინახე ერთი სახლი, ვენახი, ტალავერი, ბოსტანი და იმდენად ჰგავს ბაბუაჩემის გაშენებულ ვენახს, მივხვდი რომ ეს ოჯახი ჩემი სისხლი იქნებოდა. შევედი…. შევედი და დავინახე მოხუცი კაცი, პირდაპირ მასთან მივედი… აღმოჩნდა 78 წლის იაშა ბაბუა, გოგიას ღვიძლი ბიძაშვილი, გადავეხვიეთ ერთმანეთს, კიდეც ვიტირეთ, კიდევაც ვიცინეთ და კარგი ციცქაც დავლიეთ…